შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა

შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატრანზიტო კვანძად აყალიბებს. გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილებების ფონზე, შუა დერეფნის სრული განვითარება არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს ქმნის, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში, რადგან მსოფლიო სულ უფრო მეტად ეძებს ალტერნატიულ და უსაფრთხო სატრანსპორტო მარშრუტებს. საიმედოობა ხშირად უფრო საგულისხმო ხდება, ვიდრე მხოლოდ ტრანსპორტირების სიჩქარე ან ღირებულება.
გლობალური კონტექსტი: რატომ ახლა?
რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ ევროპამ კარდინალურად გადახედა სატრანსპორტო დაკავშირებადობის ლოგიკას. ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდა, პოლიტიკურად მიუღებელი გახდა. პარალელურად, შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან შედარებისას. ჰორმუზის სრუტეში არსებული დაძაბულობა და პერიოდული სამხედრო ესკალაციები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად მაღალია მსოფლიო ეკონომიკის მოწყვლადობა ერთ სტრატეგიულ მარშრუტზე გადაჭარბებული დამოკიდებულების პირობებში. ამ ფონზე, შუა დერეფანი წარმოადგენს მნიშვნელოვან ალტერნატივას, რომელიც ხელს უწყობს გლობალური მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის, მოქნილობისა და დივერსიფიკაციის გაძლიერებას.
ევროპული ინტეგრაცია, როგორც გამაძლიერებელი ფაქტორი
საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, შავი ზღვის რეგიონული დაკავშირებადობის საფუძველზე, განიხილება კავშირის შიდა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) 9 ძირითადი კორიდორიდან საქართველოს მიმართ მინიმუმ 2 კორიდორის გავრცელების პერსპექტივა. TEN-T-ში ჩართვა ნიშნავს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა აღარ იქნება მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის, არამედ გახდება ევროპის კავშირის ლოგისტიკური სისტემის ნაწილი. ეს პროცესი ასევე გულისხმობს მაღალი სტანდარტების გზების, რკინიგზისა და პორტების განვითარებას ევროპის კავშირის დაფინანსებით. ამასთან ერთად, ევროპის კავშირის ტრანსევროპული ენერგეტიკული ქსელების (TEN-E) ფარგლებში საქართველოსთვის უკვე არსებობს შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის ინტეგრაციის პერსპექტივა, ელექტროკაბელის პროექტის სახით. ხოლო ციფრული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებობს შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ციფრულ ინტეგრაციას ევროპის კავშირის ქსელებთან.
საქართველოს სტრატეგიული პოზიციონირება
საქართველო შუა დერეფნის ცენტრალური რგოლია. ფოთისა და ბათუმის პორტები, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, სარკინიგზო ქსელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პერსპექტივა ქვეყანას რეგიონის მთავარ ლოგისტიკურ კარიბჭედ ამკვიდრებს. სამომავლოდ დერეფნის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდაა დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
რისკები და გამოწვევები
არსებული პოტენციალი რეალობად ვერ იქცევა გამოწვევების დაძლევის გარეშე. ინფრასტრუქტურული ხარვეზები, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციის პრობლემები და რეგიონული უსაფრთხოების რისკები კვლავ სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორებად რჩება. უფრო მეტიც, ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და დასავლელ პარტნიორებთან დისტანცირება ქვეყანას რეგიონულ პროცესებს მიღმა დატოვებს და რუსეთის პოლიტიკური გავლენისთვის სივრცეს გახსნის.
შუა დერეფნის კონცეფციის განვითარების, შავი ზღვის რეგიონის მზარდი ტრანსფორმაციისა და გლობალურ ძალთა გადანაწილების პირობებში საქართველოს მნიშვნელობა, როგორც დაკავშირებადობის სტრატეგიული კვანძისა, ევროპის კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიზრდება. ქვეყნის გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებული იქნება მის უნარზე, ეფექტიანად გამოიყენოს საკუთარი გეოგრაფიული უპირატესობები, განავითაროს თანამედროვე სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გააღრმაოს სტრატეგიული პარტნიორობები და შეინარჩუნოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე კურსი. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური როლის გაძლიერებას, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდასა და რეგიონული ჰაბის ფუნქციის განმტკიცებას.




Comments