რუსეთის სტრატეგიული უკუსვლა საქართველოს სამეზობლოში

რუსეთი ტრადიციულად ცდილობს მეზობელ ქვეყნებში საკუთარი გავლენის შენარჩუნებასა და გაფართოებას, მათი უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ინტერესების შელახვის ხარჯზე. ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვან გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს შეეჯახა, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამასთან, რეგიონში რუსეთის პოზიციების ცვლილების ტენდენცია იკვეთება თურქეთთან ურთიერთობებშიც, სადაც ანკარის მზარდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ამბიციების ფონზე მოსკოვის გავლენის სივრცე სულ უფრო მცირდება.
სომხეთი - რუსეთი
2026 წლის 7 ივნისს სომხეთში გაიმართა ისტორიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც რეგიონალური და გლობალური მოთამაშეების ყურადღების ცენტრში მოექცა. არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ (Civil Contract Party, 49,75%, 64 მანდატი), რამაც დაადასტურა სომხეთის ხელისუფლების დასავლეთთან დაახლოებისა და რეგიონული ნორმალიზაციის პოლიტიკის გაგრძელება. პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსით, სომხეთი არ ირჩევს უბრალოდ მოკავშირეს, არამედ ცდილობს „გადარჩეს“ ოთხ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს შორის (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი).
არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების წინაშე დგას რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, კერძოდ შიდა პოლიტიკური კრიზისის მართვა, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედება. ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, რისთვისაც საჭირო კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო.
სომხეთის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია ეტაპობრივად დაიწყო. თუ 2017 წელს ევროკავშირთან თანამშრომლობა ძირითადად ინსტიტუციურ და ეკონომიკურ ჩარჩოს ეფუძნებოდა (CEPA), 2023 წლის შემდეგ ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროზეც გავრცელდა - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიების, სამხედრო დახმარებისა და დემოკრატიული მდგრადობის პროგრამების მეშვეობით. პარალელურად, ერევანმა შეამცირა დამოკიდებულება რუსეთის უსაფრთხოების „ქოლგაზე“ და დაიწყო ალტერნატიული პარტნიორების ძიება.
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომმა საბოლოოდ ცხადყო, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ძველებურ კონტექსტში ვერ გაგრძელდებოდა. 2022 წლიდან ერევანმა შეაჩერა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) და გამოთქვა სურვილი დაიწყოს ევროპის კავშირთან დაახლოება. სომხეთში დაიწყო მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დებატი - ისტორიული სომხეთი თუ რეალური სომხეთი?!
სომხეთის საგარეო პოლიტიკაში გარდატეხა 2025–2026 წლებში დაიწყო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უშუალო შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გააქტიურდა სამშვიდობო პროცესი. შედეგად, მხარეებმა მოახდინეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება. ამით დადასტურდა მხარეთა მზადყოფნა საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის და რატიფიკაციის პროცესის დასასრულებლად.
დამატებით, 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, მხარეებმა ხელი მოაწერეს აშშ-ის შუამავლობით შემუშავებულ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ ინიციატივას TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity). პროექტი ეფუძნება სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებას, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, სომხეთის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის სრული დაცვით.
სრულიად ნათელი ხდება, რომ სომხეთის უსაფრთხოების დისკუსიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ აშშ -ის როლი, არა როგორც სამხედრო ძალის, არამედ როგორც ეკონომიკური კორიდორის არქიტექტორის.
2026 წლის 8 მაისი კიდევ ერთი საკვანძო თარიღია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ერევანში გაიმართა ევროკავშირი-სომხეთის პირველი, ისტორიული სამიტი (EU–Armenia Summit), რის დროსაც გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი ჩარჩო დოკუმენტი - სტრატეგიული დღის წესრიგი ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობისთვის (Strategic Agenda for the EU–Armenia Partnership).
სომხეთის ხელისუფლება ცდილობს გადადგას დაბალანსებული ნაბიჯები. ასე, მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ერევანში 2 ივლისის ვიზიტის ფარგლებში, სომხეთს ახალი ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი (18 მლნ ევრო) და სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ისთვის ევროკავშირის ბაზარზე ტარიფების გაუქმება შეეთავაზა. ამის შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში გაემგზავრა INNOPROM 2026-ის ფარგლებში რუსულ მხარესთან მაღალი დონის შეხვედრებისთვის. ეს ქრონოლოგია ნათლად ასახავს ერევნის მცდელობას, თავიდან აიცილოს პირდაპირი კონფრონტაცია მოსკოვთან.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ერევანი ბოლო წლებში თანმიმდევრულად დისტანცირდება მოსკოვისგან, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს სომხეთზე ზეწოლის ბერკეტებს. სომხეთის ვაჭრობა კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 40% რუსეთზე მოდის, ხოლო ენერგეტიკის, შრომითი მიგრაციის, სამხედრო თანამშრომლობისა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის ფაქტორები არა მხოლოდ შეუძლებელს ხდის სწრაფ დისტანცირებას, არამედ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მორიგ ტალღას წარმოშობს.
ასე მაგალითად, 27 ივლისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შედგა მისი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რა დროსაც ნიკოლ ფაშინიანმა მოითხოვა სომხური პროდუქციისთვის (ხილი, ბოსტნეული, ყვავილები, ალკოჰოლური სასმელები, რძის პროდუქტები) დაწესებული შეზღუდვების გაუქმება. ერევნის პოზიციით, აკრძალვები ეწინააღმდეგება როგორც ორმხრივ ხელშეკრულებებს, ისე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესებს. აღნიშნულზე საპასუხოდ, ოფიციალურმა მოსკოვმა კვლავ წამოჭრა სომხეთისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენას შორის არჩევანის აუცილებლობის საკითხი, ხოლო რამდენიმე დღეში სავაჭრო-ეკონომიკურ „დებატში“ უკვე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ჩაერთო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა სომხეთში მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. აღნიშნულზე საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს დაპირისპირება შეიძლება გახდეს „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი“, რადგან ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ამ ეტაპზე თავად არ გეგმავს EAEU-დან გასვლას.
4 აგვისტოს დაძაბულობის უსაფრთხოების განზომილებაც გამოიკვეთა, კერძოდ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთისთვის ხმის უფლების შეჩერების შესაძლებლობა წამოჭრა. ამ განცხადებას ჯერ გადაწყვეტილების ფორმა არ მიუღია (შემდეგი სხდომა მოსკოვში, მ.წ. 11 ნოემბერს გაიმართება), თუმცა ის ნათლად აჩვენებს მოსკოვის განზრახვას, ერევნის მიერ ორგანიზაციაში მონაწილეობის „გაყინვას“ ორგანიზაციის მხრიდან სანქციის ფორმა მისცეს.
საყურადღებოა, რომ გარდა მძლავრი ეკონომიკური მექანიზმებისა, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო ბერკეტს გიუმრიში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის სახით.
საინტერესოა ბოლო განვითარებებიც რუსეთ-სომხეთის პოლიტიკურ პაექრობაში. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, 1 სექტემბერს, ბიშკეკში შედგა რუსეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა ახალი პოლიტიკური მანდატი მოიპოვა.
შეხვედრა დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის პრეზიდენტმა საკითხი პირდაპირ დააყენა. მისი განცხადებით, სომხეთმა დროულად უნდა განსაზღვროს თუ როგორ ათავსებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გეგმებს (ნ. ფაშინიანის 24 აგვისტოს განცხადება სომხეთის პარლამენტში გამოსვლის დროს) ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან.
საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ავტომატურად არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლას. მან შეხვედრას „კარგი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დიალოგი მოსკოვში, მისი ვიზიტის ფარგლებში გაგრძელდება.
ნათელია, რომ რუსეთი მკვეთრად ზრდის ზეწოლას ოფიციალურ ერევანზე. ამ პირობებში სომხეთის მთავარი ამოცანა დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთება კი არა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის მეშვეობით საკუთარი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაა.
სომხეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურა სწრაფად იცვლება. ბოლო წლებში რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთი დასავლეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად აქცია. ამ კონტექსტში საყურადღებოა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის არაერთი განცხადება, რომ საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული შეფერხება სომხეთისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს.
ცხადია, სომხეთის დასავლეთთან დაახლოების პროცესი საქართველოსთვის შეიცავს როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებს. ერთი მხრივ, დასავლეთის რესურსების სომხეთისკენ გადანაწილებამ, შესაძლოა გააძლიეროს რეგიონული კონკურენცია. მეორე მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ საკუთარი ევროპული დღის წესრიგის აღდგენა, არამედ ისეთი რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის მზარდ ჩართულობას რეგიონალურ უპირატესობად გარდაქმნის.
აზერბაიჯანი - რუსეთი
ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა და ლოკალურმა ინციდენტებმა ძალზე გაართულა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.
ყარაბაღის კონფლიქტი და ძალთა ბალანსის ცვლილება 2020 წელს, ყარაბაღის ომის ცხელი ფაზის დასასრულს, რეგიონში რუსი „მშვიდობისმყოფელები“ განთავსდნენ. ვინაიდან მოსკოვი სომხეთის ტრადიციულ მოკავშირედ მიიჩნეოდა, ბაქო არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით და 2021 წლის სექტემბერში ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამწვავდა. აზერბაიჯანმა უარი თქვა ხელი მოეწერა რუსი „სამშვიდობოების“ ოფიციალური მანდატისთვის და მოითხოვა სრული კონტროლი ლაჩინის დერეფანზე, რასაც კრემლი ეწინააღმდეგებოდა.
კონფლიქტის მიმდინარეობისას მძიმე ინციდენტების მიუხედავად (აზერბაიჯანის მხრიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდება და სხვა), მხარეები სტრატეგიულ პარტნიორობას ინარჩუნებდნენ. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, განხორციელდა ალიევის ვიზიტი მოსკოვში, სადაც ორ ქვეყანას შორის გაფორმდა „დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ“.
მიუხედავად ამისა, 2023 წელს, ელვისებური სამხედრო ოპერაციით, აზერბაიჯანმა ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა, რის გამო, 2024 წლის გაზაფხულზე, მოსკოვი იძულებული გახდა, ვადაზე ადრე გაეყვანა თავისი სამხედროები ყარაბაღიდან.
უკრაინის ომში ჩაფლულმა რუსეთმა პროცესებში ჩარევა ვერ (ან არ) შეძლო, რითაც ისარგებლა აზერბაიჯანმა და სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის სამხედრო ბერკეტი საგრძნობლად შეასუსტა.
შემდგომ წლებში ორი ქვეყნის ურთიერთობები მზარდი ტურბულენტობით ხასიათდება: 2024 წლის დეკემბერში, გროზნოსთან ახლოს, რუსეთის საჰაერო ძალებმა მიზანში ამოიღეს "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელმაც მძიმე დაზიანების შედეგად ყაზახეთის ტერიტორიაზე კატასტროფა განიცადა. მოსკოვი ინციდენტის მიჩქმალვას ცდილობდა, რამაც ბაქოს მკაცრი პროტესტი გამოიწვია. მოგვიანებით, პუტინის პირადი ბოდიშის შემდეგ ვითარება დროებით დასტაბილურდა.
2025 წელს, პრეზიდენტმა ალიევმა დემონსტრაციულად გამოტოვა მოსკოვში 9 მაისის აღლუმი და ამის ნაცვლად ყარაბაღს ეწვია. იმავე წლის ივნისში რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მასობრივი რეიდები დაიწყო ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, რასაც ადამიანების წამება და მსხვერპლი მოჰყვა. საპასუხოდ, აზერბაიჯანმა ბაქოში დახურა „რუსული სახლი" ("Россотрудничество"-ს ოფისი), შეზღუდა რუსული სამთავრობო მედია და ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა სააგენტო „სპუტნიკის“ თანამშრომლები. გაუქმდა ყველა ერთობლივი კულტურული ღონისძიება. პროტესტის ნიშნად, აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციამ უარი თქვა რუსეთთან თანამშრომლობის კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე. ამ ყველაფერს, მოსკოვმა „არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდა და ოფიციალური ბაქო ორმხრივი კავშირების „განზრახ დანგრევაში“ დაადანაშაულა. აღნიშნულმა ინციდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა.
სიტუაციის დროებითი დეესკალაცია
2025 წლის ოქტომბერში, დუშანბეში, დსთ-ს სამიტზე პუტინისა და ალიევის შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ეკონომიკური ინტერესების საბაბით სიტუაციის დეესკალაცია და პატიმრების ორმხრივი გათავისუფლება დაიწყეს.
აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ კავშირებს. რუსეთი აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორივე მხარისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც რუსეთს აზერბაიჯანისა და ირანის გავლით ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთისთვის აზერბაიჯანის სატრანზიტო როლი კიდევ უფრო გაიზარდა.
2025 წლის დეკემბერში, ურთიერთობები კვლავ ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივად დახურა ავიაკატასტროფის საქმე და მომხდარი ამინდსა და პილოტის შეცდომას გადააბრალა. პროტესტის ნიშნად, ალიევმა უარი თქვა დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს შეხვედრებზე დასწრებაზე.
ბაქოს დასავლური ვექტორი
2026 წლის თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ალიევმა საჯაროდ დაადანაშაულა რუსეთი 2025 წელს კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ მიზანმიმართულ დარტყმებში. აზერბაიჯანმა კიდევ უფრო გააღრმავა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თანამშრომლობა აშშ-სთან და დასავლეთთან (TRIPP-ის გეგმა). რეგიონში რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტის როლი, ფაქტობრივად ჩაანაცვლა თურქეთმა და დასავლურმა დიპლომატიამ.
2026 წლის ივლისში აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ მკაცრად მოუწოდა მოსკოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სომხეთთან დიალოგისას ყარაბაღის თემის წამოწევა და ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, ხოლო წარსული კონფლიქტის რეალობის დამახინჯება მიუღებელია.
აზერბაიჯანის ურყევი მხარდაჭერა უკრაინას - „არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას“ უკრაინაში ომის მიმართ აზერბაიჯანი თავიდანვე ცდილობდა გაეტარებინა სტრატეგიული ბალანსის პოლიტიკა, რაც გულისხმობს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთთან პირდაპირი ეკონომიკური და პოლიტიკური კონფრონტაციის არიდების პარალელურად. ომის პირველივე დღიდან, ბაქო ყოველმხრივ ცდილობდა უკრაინისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას, ასევე მხარდაჭერას გამოხატავდა საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ სხვა ფორმატების ფარგლებში, რაც კრემლის მკვეთრ გაღიზიანებას იწვევდა. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის პარალელურად, ბაქოს „უკრაინული რიტორიკა“ სულ უფრო თამამი და პირდაპირი ხდებოდა.
2026 წლის 13 ივლისს, პრეზიდენტმა ალიევმა, ქ. შუშაში უკრაინის მხარდამჭერი რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან უკრაინელ ხალხსა და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდნენ ტერიტორიების დაკარგვას. ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა სწორედ ასე იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული საერთაშორისო წრეების მხრიდან იყო ზეწოლა ბრძოლის შეწყვეტასა და ოკუპაციის ფაქტობრივ დაკანონებაზე. ალიევმა გაიხსენა აზერბაიჯანის გამოცდილება, როდესაც საერთაშორისო მედიატორები მათგან ითხოვდნენ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას, რასაც ბაქო არ შეეგუა და საბოლოოდ აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა.
კერძოდ ალიევმა მკაფიოდ განაცხადა:
- ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს;
- არცერთი სახელმწიფოს საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით;
- რუსეთი უკრაინას ვერ დაამარცხებს, რადგან უკრაინელები მთელი ისტორიის განმავლობაში თავისუფლებისკენ სწრაფვით გამოირჩევიან და მებრძოლი ერია.
საიდუმლო მოლაპარაკებები ბაქოში
პრეზიდენტმა ალიევმა დაადასტურა, რომ ბაქომ უმასპინძლა გერმანიისა და რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის გამართულ არაფორმალურ შეხვედრას, რომელიც უკრაინის ომის დასრულების გზებს ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა აზერბაიჯანის ლიდერის პოზიციას მცდარი უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება ამ შეხედულებებს.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე პრაგმატულ კავშირებს ინარჩუნებენ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე მოსკოვის გავლენები აზერბაიჯანზე სუსტდება.
ბაქო ცდილობს დააბალანსოს ურთიერთობები, როგორც რუსეთთან, ასევე თურქეთთან და დასავლეთთან, თუმცა, სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ანკარასთან აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს რუსეთის მიმართ გაცილებით დამოუკიდებელი და თავდაჯერებული პოზიცია დაიკავოს.
აზერბაიჯანი იყენებს თავის გაზრდილ სამხედრო-პოლიტიკურ წონას და თურქეთის მხარდაჭერას, რათა რუსეთთან ურთიერთობაში საკუთარი ეროვნული ინტერესები ხშირად ხისტადაც კი დაიცვას.
თურქეთი - რუსეთი
ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის საკმაოდ წინააღმდეგობრივი და კომპლექსურია. შავი ზღვის, ახლო აღმოსავლეთის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში გეოპოლიტიკური მეტოქეობის პარალელურად, ანკარა და მოსკოვი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ პრაგმატული თანამშრომლობის შენარჩუნებას.
დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება, ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ცვლილება და რეგიონში გეოსტრატეგიული თანამშრომლობის ერთგვარი ვაკუუმი გარკვეულ ეტაპზე თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის კატალიზატორი გახდა. თუმცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება პრაგმატულ გათვლებს და არა საერთო ღირებულებებს. ანკარის მხრიდან კიევის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი ცალკეული დიპლომატიური დემარშებით შემოიფარგლა და თურქეთთან თანამშრომლობა არ გაუწყვიტა. ამის პარალელურად თურქეთმა გააგრძელა მანევრირება რეგიონში და საგრძნობლად გაზარდა საკუთარი დიპლომატიური იმიჯი, დაიმკვიდრა რა მედიატორის როლი უკრაინის ომში, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე ჰუმანიტარულ ინიციატივას, მათ შორის შავ ზღვაში მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და ტყვეების გაცვლას.
უკანასკნელი პერიოდის განვითარებები გვიჩვენებს, რომ თურქეთი სულ უფრო შორდება რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსირების სტრატეგიას. ანკარაში გამართულმა ნატო-ს სამიტმა და პრეზიდენტ ტრამპის ჩამოსვლამ თურქეთის დედაქალაქში ხაზი გაუსვა თურქეთის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას. სულ უფრო ნათელი ხდება, რომ სანქციებითა და უკრაინაში ომით შესუსტებული რუსეთის ფონზე თურქეთი მიზანმიმართულად აფართოებს საკუთარი გავლენების გეოგრაფიას. მეტიც, ანკარა აძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას კიევთან და ასევე ეხმარება უკრაინას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კავშირების განვითარებაში.
ანკარის დაბალანსებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ინტერესების მიმართ სიფრთხილით გამოირჩეოდა, სულ უფრო ამბიციური და დამოუკიდებელი ხდება.
სირია, უკრაინა და სხვა გარდამტეხი ფაქტორები
2024 წლის დეკემბერში სირიაში მომხდარმა რადიკალურმა გარდაქმნებმა სერიოზული გავლენა იქონია ანკარის და მოსკოვის ურთიერთობებზე. ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისთვის რეგიონში სტრატეგიული მარცხი აღმოჩნდა, რამაც მისი გავლენები და პრესტიჟი საგრძნობლად დააზარალა. ამავდროულად, ანკარამ შეძლო სირიაში თავისი გავლენის სფეროების გაფართოება და სირიის ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახდა. თურქეთი აქტიურად მონაწილეობს სირიის არმიის მოდერნიზებასა და რესტრუქტურიზაციაში, მათ შორის საბჭოთა წარმოების მოძველებული არსენალის ჩანაცვლების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სირიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის სამთავრობო თვითმფრინავით განახორციელა. გავრცელებული ცნობებით, უკრაინა ეხმარებოდა ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს დრონებით და ოპერატორების გადამზადებით. სირიის გარდა კიევი აქტიურად ავითარებს კონტაქტებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან - ირანის მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე განხორციეებული იერიშების შემდეგ უკრაინა მათ საჰაერო თავდაცვის სფეროში გამოცდილებას უზიარებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა აამოქმედა მონტროს კონვენცია და ჩაკეტა შავი ზღვის სრუტეები სამხედრო გემებისთვის. ანკარის ამ გადაწყვეტილების და სირიის ტარტუსში საზღვაო ბაზის დაკარგვის შედეგად, პირველად 2013 წლიდან ხმელთაშუა ზღვაში არცერთი რუსული სამხედრო გემი არ დარჩა (2026 წლის ივლისის მდგომარეობით).
ანკარამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია არ მოხდეს ფართომასშტაბიანი ომის გავრცელება შავი ზღვის აკვატორიაზე და არ შეექმნას საფრთხე საზღვაო მიმოსვლას. 2025 წლის დეკემბერში რუსეთმა ოდესის მახლობლად იერიში მიიტანა თურქეთთან დაკავშირებულ 4 გემზე. აღნიშნულმა გამოიწვია ანკარის უკიდურესი შეშფოთება განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ იერიში განხორციელდა ერდოღანის და პუტინის შეხვედრიდან რამდენიმე დღეში. რუსეთს არ შეუწყვეტია შავ ზღვაში სატვირთო გემებზე (მათ შორის თურქეთთან აფილირებულ საზღვაო ხომალდებზე) თავდასხმები, თუმცა ანკარა დიპლომატიური დემარშებით შემოიფარგლება და ამ დრომდე საპასუხო ზომებისთვის არ მიუმართავს. უკანასკნელი წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ანკარის და მოსკოვის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო, კრიზისულ სიტუაციებშიც კი მხარეები ცდილობენ ურთიერთობების „რაციონალიზაციას“ და პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილებას. თუმცა ცალსახაა, რომ ნატოს წევრის სტატუსის და სხვა სტრატეგიული უპირატესობების გამოყენებით თურქეთი არ დაუშვებს რეგიონში და შავ ზღვაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას.
რუსული S-400 საჰაერო სისტემები და ამერიკული სანქციები
2017 წელს თურქეთსა და აშშ-ს შორის მზარდი უთანხმოებების კვალდაკვალ, ანკარამ მოსკოვთან S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვის $2.5 მლრდ. ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ამ გარიგებამ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები წარმოშვა თურქეთისთვის - 2019 წელს ვაშინგტონმა ანკარა F-35-ის მეხუთე თაობის გამანადგურებლების წარმოებისა და შესყიდვის პროგრამიდან ამოიღო. მოგვიანებით კი თურქეთს „ამერიკის მოწინააღმდეგეების სანქციების მეშვეობით შეკავების აქტის“ (CAATSA) ფარგლებში სანქციები დაუწესდა.
აშშ-თურქეთის ურთიერთობებში მიმდინარე ფაზა შესამჩნევ დათბობაზე მიუთითებს, რისი ერთ-ერთი ინდიკატორია თურქეთის გადაწყვეტილება S-400 სისტემების გასხვისებასთან დაკავშირებით. კრემლმა დაადასტურა, რომ ამ საკითხზე თურქეთთან კონტაქტი არსებობს, თუმცა საკითხს „უკიდურესად მგრძნობიარე“ უწოდა და მოლაპარაკებების დეტალები არ დაუსახელებია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა თურქ კოლეგას შეემცირებინა ან შეეწყვიტა რუსული ნავთობის შესყიდვა. ანკარაში გამართულ NATO-ს სამიტზე კი ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას გეგმავს და F-35-ის შესაძლო გაყიდვასაც განიხილავს. თურქეთის დაბრუნება F-35-ის პროგრამაში გააძლიერებს ანკარის თანხვედრას დასავლურ სისტემასთან და შეამცირებს რუსეთთან თანამშრომლობის მასშტაბებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პროგრამაში თურქეთის რეინტეგრაცია ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი იქნება, რომელიც კონტრაქტების გადახედვას, ხელახალ სერტიფიცირებას და საწარმო ქსელთან ადაპტირებას მოითხოვს.
ერთობლიობაში, ეს მოვლენები აშშ-თურქეთის უფრო ფართო დაახლოებაზე მიუთითებს და ანკარას სტრატეგიულ გათვლებში მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებს.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება თურქეთის ენერგოსექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. ამასთან, რუსეთი აგრძელებს თურქეთის მერსინის პროვინციაში ბირთვული ელექტროსადგურ „აქქუიუს“ მშენებლობას. რუსეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს თურქეთის ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში. ვაჭრობის გარკვეულ დარგებში არსებობს მნიშვნელოვანი ურთიერთდამოკიდებულება და მოწყვლადობა – თურქეთი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია რუსეთიდან ხორბლის, სიმინდისა და სასუქების იმპორტზე. თურქეთსა და რუსეთს შორის მოქმედებს შეთანხმება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების შესახებ. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ანკარა მაქსიმალურად ცდილობს მოსკოვთან დაპირისპირების თავიდან აცილებას - თურქეთი არის ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ანკარამ არ გააუქმა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მოსკოვთან და დასავლეთისკენ მიმავალ რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მთავარ საჰაერო დერეფნად იქცა.
დასავლეთის სანქციებით იზოლირებული რუსეთისთვის თურქეთი გახდა რუსული ინვესტიციების, ვაჭრობის და ენერგომატარებლების ექსპორტის მნიშვნელოვანი მიმართულება. თურქეთში საგრძნობლად გაიზარდა რუსული კაპიტალით რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი, ხოლო ქვეყანაში მილიარდობით დოლარის რუსული ინვესტიცია და ფულადი ნაკადები შევიდა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა მოახდინოს ენერგომატარებლების წყაროების დივერსიფიცირება და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. ბოლო პერიოდში თურქეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ნავთობის მომწოდებლების სია და 2026 წლის მაისიდან რეკორდულად შეამცირა რუსული ნავთობის შეძენა.
საერთო სურათი მიუთითებს, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები პრაგმატული თანამშრომლობიდან ეტაპობრივად სტრატეგიული დისტანცირების ეტაპზე გადადის. თურქეთი სულ უფრო აქტიურად ამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას, აძლიერებს დასავლეთთან ურთიერთობებს და საკუთარი რეგიონული ამბიციებისა და სტრატეგიული ავტონომიის განმტკიცებას ცდილობს.
___________________________
ფოტო: სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური




Comments