top of page

საქართველო და ევროსაბჭო - ბოიკოტის ფასი

Aug 11
2 min read


2025 წლის იანვარში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 29 იანვრის რეზოლუციით, ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირება წინაპირობებით მოახდინა. კერძოდ, დელეგაციის მანდატების სრული რატიფიცირება გადავადდა, სანამ ქვეყანა არ შეასრულებდა დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად წაყენებულ კონკრეტულ პირობებს.


რეზოლუციით გათვალისწინებული პირობების შესრულების ნაცვლად, საქართველოს დელეგაციამ არჩევანი ბოიკოტის სასარგებლოდ გააკეთა, რითაც ფაქტობრივად გაიმეორა რუსული მიდგომა: ასე მოიქცა რუსეთი 2000 და 2014 წლებში, როდესაც საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ, კონსტრუქციულ დიალოგზე უარი თქვა და ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა.


ღირებულებითი განზომილება

მართალია, საქართველო ევროპის საბჭოს წევრად რჩება, თუმცა საპარლამენტო ფორმატიდან მისი გამოთიშვა ქვეყნისთვის დიდ პოლიტიკურ და რეპუტაციულ დარტყმას წარმოადგენს.


საქართველო ევროპის საბჭოში 1999 წელს გაწევრიანდა. ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ აღიარება იმისა, რომ საქართველო ევროპის პოლიტიკური და სამართლებრივი სივრცის ნაწილად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ, გაწევრიანებისას ნათქვამი ზურაბ ჟვანიას სიტყვები - „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გამომხატველ მთავარ გზავნილად იქცა.


ამავდროულად, ევროპის საბჭომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროპულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში.

დღევანდელი ბოიკოტის რეჟიმი არსებითად წინააღმდეგობაშია დემოკრატიის სტანდარტებთან და ძირს უთხრის იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელმაც საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


პოლიტიკური ფასი

საპარლამენტო ასამბლეისგან დისტანცირებით ქვეყანა იმ დისკუსიების მიღმა რჩება, სადაც ყალიბდება საერთო ევროპული პოზიციები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. ეს პლატფორმა საქართველოს აძლევდა საერთაშორისო დღის წესრიგში მისთვის პრიორიტეტული თემების აქტუალიზაციის შესაძლებლობას, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ გადაწყვეტილებით, საქართველომ თავად დათმო ის პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იყო საქართველოს ეროვნული გამოწვევების განხილვა რეგიონულ და ევროპულ კონტექსტში, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიის გათვალისწინებით.


ამასთანავე, ასამბლეა მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთის მიერ შეუსრულებელი სამართლებრივი ვალდებულებების საკითხის წამოჭრისთვის. საქართველოს მოგებული აქვს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოთაშორისი დავები რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ე.წ. „აგვისტოს ომის საქმე“, ე.წ. „დეპორტირებულების საქმე“ და ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“). რუსეთი უარს ამბობს კომპენსაციების გადახდაზე. ასამბლეა კი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც შესაძლებელი იყო საქართველოს დელეგაციას რეგულარულად წამოეწია რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის საკითხი.


ასამბლეაში მუშაობის შეჩერება ქვეყნის დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს გრძელვადიან ზიანს აყენებს. იზოლაციონისტური პოლიტიკით მკვეთრად შესუსტდა ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობები - შეიზღუდა ოკუპირებული რეგიონების საკითხის აქტუალიზაცია, შესუსტდა რუსეთზე პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტები, დაიკარგა საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგის სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობისა და ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში ქვეყნის პოზიციონირების შესაძლებლობა. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის არიდების მცდელობით, კონსტრუქციულ დიალოგსა და პარტნიორობაზე უარის თქმით კი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც დაზიანდა.


ბოიკოტის მიუხედავად, ასამბლეა განაგრძობს საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას და დემოკრატიული უკუსვლის დოკუმენტირებას. ამის დასტურია ასამბლეის მიერ 2025 წელს მიღებული ორი რეზოლუცია (Res.2600 და Res.2624). 24 ივნისს ასამბლეა გეგმავს მორიგი რეზოლუციის მიღებას.

 
 
 

Comments


© 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

  • Facebook
  • X
  • Linkedin
  • Instagram
  • Youtube
  • Spotify
bottom of page