top of page

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა

Aug 11
5 min read

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა

საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების როლი ფასდაუდებელია, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში გამოიხატება. ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ისიც, რომ აშშ-მა საქართველოსთვის დღემდე 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გასწია.


ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პროცესების და „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოებული ანტიამერიკული რიტორიკის ფონზე, ორი წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, აშშ-ს იმდროინდელი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება, ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ვაშინგტონის პოლიტიკის შესახებ ცრუ განცხადებების გავრცელებამ გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად 2024 წელს აშშ-ში ხელისუფლების ცვლილებისა, დღემდე ძალაში რჩება აშშ-ის მხრიდან ფინანსური და სავიზო შეზღუდვები, როგორც მთავრობის მაღალჩინოსნების, ისე მმართველი პარტიის ყოფილი და მოქმედი წევრების მიმართ.


თანამშრომლობის ნორმალური განვითარების რეჟიმში დაბრუნების “მცდელობის“ პარალელურად, „ქართული ოცნება“ დღემდე აგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.


დამოუკიდებლობის აღდგენის საწყის ეტაპზე, ქვეყნის წინაშე მდგარი ეგზისტენციური საფრთხეების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატებოდა ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებაში,  სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ნდობის გაძლიერების მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომელიც ადასტურებდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართ. ამავდროულად, ეს ნაბიჯი ასახავდა ვაშინგტონის მიზანს, შეენარჩუნებინა საქართველო, როგორც პროდასავლური სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, და გაეძლიერებინა მისი მედეგობა რუსეთის აგრესიისა და ზეწოლის ფონზე. 


2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია პირველი ისტორიული დოკუმენტია, რომელმაც საერთო ღირებულებებისა და ინტერესების საფუძველზე, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და შექმნა თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩო ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთა შორის ურთიერთობები. 


პოლიტიკური მხარდაჭერა:  

● 2008 წელს აშშ-ის პოლიტიკური ჩართულობისა და პრაქტიკული მხარდაჭერის შედეგად რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს სრული ტერიტორიის ოკუპაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, რაც მისი სტრატეგიული მიზანი იყო და კვლავაც რჩება. აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და განვითარება კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებოდა.

● ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ, უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოს უკანონოდ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების "დამოუკიდებლობის" საერთაშორისო აღიარების მიღწევა. მეტიც, 2016 წლიდან დღემდე ამერიკული მხარე კანონის დონეზე ამყარებს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას, საკუთარი ბიუჯეტის კანონში (კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი) ასახავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფორმულირებებს და აფიქსირებს ურყევ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული  კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი სახელმწიფო, თუ მათ აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები.


ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება:

● აშშ-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის შედეგად, საქართველოს თავდაცვის სისტემა ნატოსთან თავსებადობის მაღალ ხარისხზე ავიდა. 

● აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის მიერ, აშშ-ისა და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, 30 000-ზე მეტი ქართველი სამხედრო მომზადდა და აღიჭურვა.

● აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს შესაძლებლობა მიეცა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში თვალსაჩინო კონტრიბუტორი გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ნატოს მიერ წარმოებულ სტაბილიზაციის ოპერაციებში, ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო ნომერი პირველი კონტრიბუტორი იყო, რამაც იმ პერიოდში მნიშვნელოვნად გაამყარა საქართველოს, როგორც სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორის იმიჯი - პარტნიორის, რომელიც იქცეოდა როგორც მოკავშირე.

● აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალების შეესაძლებლობები შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა. დღეს ქვეყანას თავდაცვით არსენალში მაღალი დონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები გააჩნია, მათ შორის “ჯაველინის” სისტემები.

● აშშ-ის დახმარებით მომზადდა ელიტარული ქვედანაყოფები, რომლებიც ნატო-ს რეაგირების ძალებში (NRF - NATO Response Forces) მონაწილეობდნენ.

● განვითარდა და განმტკიცდა საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობები.

● აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციით და მხარდაჭერით დაარსდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC). ამავდროულად, დაფუძნდა და აღიჭურვა ნატოს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC). 

● ამერიკული დაფინანსებით აშენდა ახალი მრავალ პროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებს ემსახურება.

● ამერიკული მხარე უსასყიდლოდ მკურნალობდა საერთაშორისო მისიებში დაჭრილ ქართველ სამხედროებს ზუსტად იმავე სტანდარტით, როგორც დაჭრილ ამერიკელ სამხედროებს. 

● აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამხედრო განათლების პროგრამების, მათ შორის IMET-ის, ფარგლებში, ასობით ქართველმა სამხედრო და სამოქალაქო პროფესიონალმა მიიღო განათლება წამყვან ამერიკულ თავდაცვისა და სამხედრო ინსტიტუტებში, მათ შორის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტსა და ეროვნულ სამხედრო კოლეჯში. 1995 წლიდან აშშ ყოველწლიურად დაახლოებით 2-2.5 მილიონ დოლარს გამოყოფდა ამ მნიშვნელოვანი პროგრამის მხარდასაჭერად, რაც საქართველოში ლიდერთა ახალი თაობის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

● აშშ-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელი იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში.

● აშშ-ის ჩართულობით, საქართველოში რეგულარულად ტარდებოდა ორი მნიშვნელოვანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა, Agile Spirit და Noble Partner. ეს წვრთნები ხელს უწყობდა საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ განვითარებას, ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას და პარტნიორ ქვეყნებთან პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. Agile Spirit ბოლოს 2025 წლის აგვისტოში ჩატარდა საქართველოსა და თურქეთში. რაც შეეხება Noble Partner-ს, 2024 წლის აგვისტოში დაგეგმილი წვრთნა აშშ-ის მხარემ განუსაზღვრელი ვადით გადადო, ხოლო საქართველოში იგი ბოლოს 2022 წელს გაიმართა.  ამასთან, აღსანიშნავია მაისში საქართველოში ჩატარებული აშშ-ის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო წვრთნები „ტროიან ფუტპრინტი 2026“ (Trojan Footprint 2026) (სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის), რომლის გახსნის ცერემონიაც მუხროვანში გაიმართა. 

● აშშ-ის ფინანსური და პრაქტიკული დახმარება ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საზღვრის დაცვის შესაძლებლობების განვითარებაში, მათ შორის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 


დემოკრატიის და მმართველობის გაძლიერება:

აშშ ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას. ეს მხარდაჭერა, მათ შორის, მოიცავდა სასამართლო რეფორმის ხელშეწყობას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, საჯარო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების გაზრდას. 

ამავდროულად, აშშ აქტიურად ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას, მხარს უჭერდა მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის.


ეკონომიკა და ვაჭრობა:

● აშშ-საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სავაჭრო პარტნიორია.

● როდესაც რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ემბარგო დაუწესა, აშშ დაეხმარა საქართველოს ახალი ბაზრების მოძიებაში.

● დაახლოებით 3 500 დასახელების ქართულმა პროდუქტმა აშშ-ის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომა მიიღო პრეფერენციების განზოგადებული სისტემის პროგრამის (GSP) ფარგლებში.

● აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC), 1993 წლიდან 65-ზე მეტ პროექტის დაფინანსებისა და პოლიტიკური რისკების დაზღვევისთვის 800 მილიონზე მეტი აშშ-დოლარი გამოყო საქართველოსთვის. კორპორაციის დაფინანსებით გაფართოვდა და შეიქმნა არაერთი მსხვილი საწარმო. მათ შორის, მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოხმარდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას, ახალი ტერმინალისა და დამატებითი საცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. 


ჯანდაცვა:

● აშშ-მა ასობით მილიონი დოლარი გამოყო საქართველოს ჯანდაცვის სექტორის გასაძლიერებლად, მათ შორის თანამედროვე ლაბორატორიების, ჰოსპიტალების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების მხარდასაჭერად. აშშ-ის დახმარებით მრავალი ექიმი გადამზადდა.

● აშშ-ის დახმარებით საქართველოში შეიქმნა და ამოქმედდა რიჩარდ გ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, ცნობილი როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცენტრმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა COVID-19-ის პანდემიის მართვის პროცესში და დღესაც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს წარმოადგენს.

● საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში აშშ-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უპრეცედენტო მაგალითია. აშშ-ის დახმარებით დღემდე საქართველოს 80 000-ზე  მეტი მოქალაქეზე სრულად განიკურნა.


განათლება და ხალხთა შორის ურთიერთობები:

● აშშ-ის მხარდაჭერით, მათ შორის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეშვეობით, საქართველოში ასობით სკოლა აშენდა ხელახლა და განახლდა, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება დაინერგა და განვითარდა 2 000-ზე მეტ საჯარო სკოლაში, გადამზადდნენ პედაგოგები, აშენდა ასობით კილომეტრი გზა და მხარდაჭერა გაეწია მცირე და საშუალო საწარმოებს.

● აშშ-ის დაფინანსებამ გააძლიერა STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) განათლება საქართველოში. MCC-ის მეორე კომპაქტი საქართველოსთვის წარმოადგენდა 140 მილიონი დოლარის ოდენობის განათლებაზე ორიენტირებულ მხარდაჭრას, რომლის მიზანი იყო ადამიანური კაპიტალისა და STEM მიმართულებების განვითარება. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, 600-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე STEM პროგრამებში.  

● 6000-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა, მკვლევარმა, მასწავლებელმა და პროფესიონალმა ისარგებლა აშშ-ის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიებით, გაცვლითი პროგრამებით, ტრენინგებითა და კულტურული პროგრამებით.

● აშშ საქართველოს მოქალაქეებზე 10-წლიან მრავალჯერად ვიზებს გასცემდა, თუმცა ეს პრაქტიკა დღეს გაუქმებულია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ USAID-ის მეშვეობით აშშ-მა საქართველოს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატიული მმართველობა, ეკონომიკური ზრდა, განათლება, ჯანდაცვა, მედეგობა და ინსტიტუციური განვითარება.  წლების განმავლობაში აშშ განუხრელად უჭერდა მხარს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.


ცხადია, ეს არის მხოლოდ იმ ძირითადი მიმართულებების ქვეშ არსებული საკითხების არასრული ჩამონათვალი, სადაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. 


აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინება შეუძლებელია - ფაქტები ცალსახად სხვა რეალობაზე მეტყველებენ.


დღეს აშშ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ეს დასტურდება პრეზიდენტ ტრამპის აქტიური ჩართულობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისტორიულ სამშვიდობო პროცესში, ორივე მეზობელ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებითა და სატრანზიტო დერეფნის, TRIPP-ის, პროცესში მონაწილეობით.  ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიდი ვენსის, მიმდინარე წლის თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთში განხორციელებული ვიზიტი, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მაისში ერევანში გამართული ვიზიტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის აქტიურ და მზარდ ჩართულობას რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველო ამ მნიშვნელოვანი რეგიონული დინამიკისგან მოწყვეტილია. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ახალ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს იყენებდეს და ვაშინგტონთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღსადგენად საჭირო ნაბიჯებს დგამდეს, იგი აგრძელებს აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორებისგან იზოლაციის კურსს, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 
 
 

Comments


© 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

  • Facebook
  • X
  • Linkedin
  • Instagram
  • Youtube
  • Spotify
bottom of page