top of page

უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები გაიხსნა

Jun 19
2 min read

დღეს, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა, რაც ამ ქვეყნების მნიშვნელოვანი წარმატებაა. საქართველოსთან კი ეს პროცესი, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებით, სრულიად გააზრებულად და მიზანმიმართულად არის შეჩერებული, საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ურყევი ნების უგულებელყოფით. ეს მეტად საგულისხმო და დამაფიქრებელი შეხსენებაა იმ ისტორიული შესაძლებლობის შესახებ, რომელიც საქართველომ, როგორც ერთ დროს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ლიდერმა და წარმატებულმა რეფორმატორმა სახელმწიფომ, ხელიდან გაუშვა.


საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაატარა კანდიდატი ქვეყნისთვის აუცილებელი ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც მოიცავს: დემოკრატიის განმტკიცებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას,  დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სხვა.  


ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს აფერხებს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივი ღია დაპირისპირების რეჟიმშია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რაც შეუთავსებელია  კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.  ევროპის კავშირში ახალი წევრის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად იღებს. ამიტომ, კანდიდატი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ მათგანთან ნდობაზე, პატივისცემასა და პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება.


ამასთან, ევროპის კავშირში გაწევრიანების მისწრაფებასთან შეუთავსებელია იმ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა და ალიანსში შესვლის პოლიტიკური არჩევანი, რომლებიც ანტიევროპული პოზიციებით გამოირჩევიან და ამ საკითხებში, ხშირად მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთთან.


ასევე, არასწორია ხელისუფლების დაპირება, რომ მხოლოდ ასოცირების შეთანხმების  შესრულებით, საქართველო შეძლებს ევროპის კავშირში გაწევრიანებას. პირველ რიგში, ასოცირების შეთანხმება არ ითვალისწინებს ევროპის კავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ეს შეთანხმება,  მათ შორის,  მოიცავს სწორედ იმ ფუნდამენტური ვალდებულებების შესრულებას, რომელთა მიმართებითაც გვაქვს უკუსვლა. 


ეს ქმედებები შეუსაბამოა იმ ძირითად ღირებულებებთან და პრინციპებთან, რასაც ევროპის კავშირი ეფუძნება. სწორედ ამიტომ, საქართველომ დაკარგა ის უპირატესობა, რომელიც მას რეგიონში ყოველთვის გააჩნდა. დღეს ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება და აღარ მოიაზრება იმ კანდიდატ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ახლო მომავალში ევროპის კავშირში გაწევრიანების მოწვევას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც, სულ რამდენიმე წლის წინ, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ამ ქვეყნებთან ერთად, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში იმყოფებოდა.


ევროპული ინტეგრაცია არ არის ავტომატური პროცესი ან ფორმალობა; ის ეყრდნობა ქვეყნის ისტორიულ არჩევანს და პირდაპირ არის დამოკიდებული დემოკრატიის ხარისხსა და ინსტიტუციური რეფორმების წარმატებაზე. სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მწვავედ ისმის მთავარი კითხვა: შეძლებს თუ არა საქართველო ხელიდან გაშვებული ისტორიული შესაძლებლობის დაბრუნებას და ევროპის კავშირში გაწევრიანების გზის შეუფერხებლად გაგრძელებას?

 
 
 

Comments


© 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

  • Facebook
  • X
  • Linkedin
  • Instagram
  • Youtube
  • Spotify
bottom of page