33 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემამ და რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით მოქალაქე საკუთარი სახლიდან იძულებით განდევნა.
ეს იყო და რჩება ტრაგედიად, რომელმაც ათწლეულებით განსაზღვრა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი.
სამხედრო განზომილებაში, სოხუმის დაკავება პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთის რეგულარული არმიის მონაწილეობასთან კონფლიქტში, ხოლო სამხედრო-პოლიტიკურ განზომილებაში იგი უშუალოდ უკავშირდება რუსეთის შუამავლობითა და გარანტორობით 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებულ ე.წ. სოჭის შეთანხმებას.
რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია, სამხედრო ყოფნა და რეგიონის უკანონო ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა დღემდე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უმთავრეს გამოწვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ დღემდე იზღუდება ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები.
ოკუპაციის პირობებში მიმდინარე იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არ არსებობა კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთზე ეფექტური კონტროლის განხორციელება და შესაბამისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
ამ კონტექსტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლება არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების განუყოფელი ნაწილი. 2026 წლის 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ პრინციპის ურღვევობა და ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციას 107 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააგრძელოს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მტკიცედ დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას.
ასევე უნდა შენარჩუნდეს ზეწოლა რუსეთზე, რათა შესრულებულ იქნას ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ მცდელობას შემსუბუქდეს რუსეთის პასუხუსმგებლობა ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის კონტექსტში. ისტორიული მეხსიერების წაშლა, მტრისა და მოყვარის მიზანმიმართული აღრევა არის დანაშაული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაცია არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვდობიანი აღდგენის უალტერნატივო გზა.
მარადიული ხსოვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ქედს ვიხრით ომისა და ეთნიკური წმენდის ყველა მსხვერპლის წინაშე.




Comments