2008 წლის აგვისტოს ომი

7 აგვისტოს 18 წელი შესრულდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან.
სამხედრო აგრესიით, სუვერენული სახელმწიფოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, განხორციელებული ეთნიკური წმენდით და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.
18 წლის შემდეგ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ მოქმედებებს და სხვა აგრესიულ ნაბიჯებს, კერძოდ:
- რუსეთი უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, მათ შორის, ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის თაობაზე;
- უფრო მეტიც, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გაძლიერებული, უკანონო სამხედრო ყოფნა, ადგილზე ჩატარებული სამხედრო წვრთნები და ძალის არგამოყენების შესახებ სამართლებრივი ძალის მქონე ვალდებულების აღებაზე უარის თქმა, წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების ღია მუქარას;
- საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვასთან ერთად, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული სხვადასხვა სახის ე.წ. ინტეგრაციული ხასიათის უკანონო ქმედებები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკის ახალ, ინტენსიფიცირებულ ფაზაში გადასვლის ცალსახა დასტურია;
2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდგომ, რუსეთმა მალევე “მოკლა” საქართველოში გაერო-სა და ეუთო-ს მისიები, რითიც ოკუპირებული ტერიტორიები ერთგვარ “შავ ხვრელებად” აქცია. ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული უკიდურესად საგანგაშო ვითარების მიუხედავად, მოსკოვი დღესაც ეწინააღმდეგება, როგორც უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, ისე EUMM-ის შესვლასა და მანდატის სრულად განხორციელებას.
ამ ვითარებაში, ხაზს ვუსვამთ რუსეთზე გაზრდილი საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის აუცილებლობას, რათა აიძულოს ის - შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და აღასრულოს საერთაშორისო სასამართლოების შესაბამისი გადაწყვეტილებები.
მადლიერებას გამოვხატავთ პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველოსა და ქართველ ხალხს მტკიცედ დაუდგნენ გვერდში. ვაფასებთ მათი მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, აგრეთვე, მათ ძალისხმევას დეოკუპაციის ხელშეწყობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით.
რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ გმირთა თავდადება სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ქედს ვიხრით სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს.




Comments