1989 წლის 23 აგვისტოს „ბალტიური გზა“

დღეს, 23 აგვისტოს, ჩვენი ბალტიელი მეგობრები, „ბალტიური გზის“ 37-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიის სამი სახელმწიფოს მოქალაქეები - ესტონელები, ლატვიელები და ლიეტუველები, ტალინიდან, რიგის გავლით, ვილნიუსამდე თითქმის 700 კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვში დადგნენ და „ბალტიური გზა“ შეკრეს. ამ დღეს ორი მილიონი ადამიანი თავისუფლების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის იდეის გარშემო გაერთიანდა. მხარდამჭერი სოლიდარობის აქციები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა.
37 წლის წინ, ეს აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტისა და იმ მშვიდობიანი ბრძოლის სიმბოლო გახდა, რომელმაც ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენიდან თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოებამდე მიიყვანა. სამივე ქვეყანამ, მიზანდასახული და თანმიმდევრული ძალისხმევით, შეძლო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა. 2004 წელს კი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდნენ.
ამ ისტორიულ პროცესში და მას შემდეგაც, ისინი ყოველთვის რჩებიან საქართველოს ერთგულ მეგობრებად. საერთო ისტორიული გამოცდილების გამო, მათ ყველაზე კარგად იციან თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა და დგას საქართველო და სწორედ ამიტომ უპირობოდ იცავენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქართველი ხალხის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
საქართველოსთვის ბალტიის ქვეყნების გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი ისტორია გვიჩვენებს, რომ თავისუფლების მოპოვება მხოლოდ დასაწყისია. მისი შენარჩუნება და განმტკიცება კი მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, თანმიმდევრულ რეფორმებს, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და არჩეული საგარეო კურსის ერთგულებას.
ამ ისტორიული დღის გახსენებით გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი მეგობრების მიმართ მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის.
„ბალტიური გზა“ გვახსენებს, რომ სოლიდარობასა და საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ ხალხებს, საკუთარი ისტორიისა და მომავლის განსაზღვრის ძალა აქვთ.




Comments