top of page

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები

Sep 23
7 min read


გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასავლელი პარტნიორი და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდამჭერია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანდათან გაფართოვდა და მოიცვა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. 2014 წელს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ჩამოყალიბებით - მაღალი დონის ფორმატით, რომელიც ითვალისწინებდა პოლიტიკურ კონსულტაციებსა და თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.


2024 წლიდან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად გაერთიანებულ სამეფოსთან, ისევე, როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან, საქართველოს ურთიერთობები დაიძაბა. დემოკრატიული უკუსვლისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, სტრატეგიული დიალოგი შეჩერდა, მაღალი დონის ვიზიტები შემცირდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ განხორციელებული პირდაპირი დახმარების პროგრამები შეწყდა.


გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობა მხოლოდ ორმხრივი დახმარებების შეფასებით ვერ განისაზღვრება. საქართველოსთვის ბრიტანეთის დიპლომატიურ მხარდაჭერას უფრო ფართო სტრატეგიული დანიშნულება აქვს. გაერთიანებული სამეფო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო და ნატოს ერთ-ერთი წამყვანი ევროპული სამხედრო ძალაა. შესაბამისად, მას დიდი გავლენა აქვს იმ ინსტიტუტებში, რომელიც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი არ არის.  გავლენიან, ნატოს წევრ სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ეხმარება, საერთაშორისო დღის წესრიგში შეინარჩუნოს უსაფრთხოების საკითხები და უზრუნველყოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დიპლომატიური მხარდაჭერა.


ლონდონთან ურთიერთობების გაუარესება შესაძლებლობების დაკარგვას ნიშნავს და   მათი შეფასება კომპლექსურად უნდა მოხდეს. საქართველო არ კარგავს მხოლოდ ცალკეული დახმარების პროგრამებს, შეხვედრებისა თუ გაცვლითი ვიზიტების შესაძლებლობებს. საქართველო კარგავს პოლიტიკური და ინსტიტუციურ ურთიერთობების შედეგად შექმნილ ფართო ქსელს, რაც ოცდაათ წელზე მეტია ქვეყნის მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.


პოლიტიკური მხარდაჭერა და ინსტიტუციური განვითარება

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1919 წელს დამყარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს განახლდა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ურთიერთობები რამდენიმე საერთო პრიორიტეტის გარშემო განვითარდა: საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარება, რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ლონდონის მხარდაჭერა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ხელშეწყობა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ არაღიარების პოლიტიკის გატარება საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.


2014 წელს “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ჩამოყალიბებით შეიქმნა მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარული ფორმატი, რომლის მნიშვნელობა სცდება ყოველწლიურ დიპლომატიურ შეხვედრებს. დიალოგი აერთიანებდა თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში.


საქართველოში ბრიტანეთის ჩართულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება იყო. 2015 წლიდან გაერთიანებული სამეფოს მთავრობის “კარგი მმართველობის ფონდი” (Good Governance Fund) აფინანსებდა პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.


დახმარება მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა საჯარო სამსახურის რეფორმა, სასამართლო სისტემა, ფინანსური გამჭვირვალობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაცია. ბრიტანული პროგრამები და საელჩოს მიერ დაფინანსებული ინიციატივები ასევე ეხმარებოდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელს უწყობდა ადამიანის უფლებების დაცვას, გენდერულ თანასწორობას, უმცირესობათა ჯგუფებს, დამოუკიდებელ მედიასა და საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას. “კარგი მმართველობის ფონდის” მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე 5 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოიყო. თუმცა, ფონდის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონულ პროგრამებსაც მოიცავდა, რომლებშიც საქართველოსთან ერთად სომხეთი, მოლდოვა და უკრაინაც მონაწილეობდნენ. შესაბამისად, საქართველოსთვის გაერთიანებული სამეფოს დახმარების საერთო მოცულობა გაცილებით მეტია.


გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა “კარგი მმართველობის ფონდის” საქმიანობით არ შემოიფარგლება. კრიზისების პერიოდში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ ჯამში 5 მილიონ ფუნტზე მეტი გამოყო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფისა და წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად.


ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად ინსტიტუციონალიზაცია მოხდა 2019 წელს, როდესაც გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმების მიზანია იმ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილის შენარჩუნება, რომელიც “ბრექსიტამდე” (ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა 2020 წლის 31 იანვარს) ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეგულირდებოდა. ამ შეთანხმებით შენარჩუნდა პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი და ამავდროულად შეიქმნა თანამშრომლობის უფრო ფართო ჩარჩო, რომელიც მოიცავს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს, თანამშრომლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, განათლების, ტრანსპორტის, ფინანსური მომსახურებებისა თუ სხვა სფეროებში.


ბრიტანეთის ჩართულობის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს, რაც კრემლთან დაკავშირებული პროპაგანდისა და ანტიდასავლური ნარატივების ზრდას უკავშირდება.


დღეისათვის ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეზღუდული, ხოლო სამთავრობო დონეზე დახმარების პროგრამები არსებითად შეწყვეტილია. 2024 წლის დეკემბერში, დემოკრატიული ნორმების და თავისუფლების დარღვევის გამო, ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობისთვის პროგრამული მხარდაჭერის დაუყოვნებლივი შეჩერების შესახებ გამოაცხადა. 


“კარგი მმართველობის ფონდის” პროგრამების შეჩერება და მთავრობისთვის პირდაპირი დახმარების გაყინვა წარმოადგენს ლონდონის ოფიციალურ რეაქციას, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის პასუხად. თუმცა, გაუარესებული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, ქართული საზოგადოების, დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ხალხთაშორისი კავშირების მხარდაჭერა კვლავ გრძელდება.


თავდაცვა და უსაფრთხოება

ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ ძლიერ საყრდენს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს. ბრიტანეთი მონაწილეობდა ქართული ჯარის მოდერნიზაციის პროცესში სამხედრო განათლების, სტრატეგიული კონსულტაციების, პროფესიული მომზადებისა და მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილეობის გზით. ასობით ქართველმა ოფიცერმა გაიარა უმაღლესი დონის სამხედრო მომზადება ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიებსა და სასწავლებლებში, ბრიტანელი სამხედროები რეგულარულად მონაწილეობდნენ საქართველოში გამართულ საერთაშორისო სწავლებებში (Noble Partner, Agile Spirit), ბრიტანელი მრჩევლები უშუალოდ ეხმარებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების გატარებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში.


საქართველოს წინაშე არსებული მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით, თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სფეროს კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს.  ბრიტანეთი დაეხმარა ქართულ უწყებებს სახელმწიფო სტრუქტურებზე განხორციელებული კიბერშეტევების მოგერიებასა და პრევენციაში. დააფინანსა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და სპეციალისტების გადამზადება.


ვაჭრობა და ინვესტიციები

ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკურთან შედარებით უფრო მდგრადი აღმოჩნდა. 2019 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით, ბრექსიტის შემდეგ, შენარჩუნდა პრეფერენციული სავაჭრო პირობები, რაც დღესაც ძალაშია. შეთანხმება მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას, ინტელექტუალურ საკუთრებას, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, სახელმწიფო შესყიდვებს და სხვა მიმართულებებს. ბრიტანეთი ასევე არის საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო პარტნიორი, რომელიც უმსხვილეს ათეულში შედის, თუმცა საქართველოდან ექსპორტის წილი  გაცილებით მცირეა. 


ბრიტანული კაპიტალი წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსური მომსახურება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, პროფესიული მომსახურება, ტურიზმი. გაერთიანებული სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით, მუდმივად პირველ ხუთეულშია. უმეტესწილად იმის გამო, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი - თბს და საქართველოს ბანკი იურიდიულად რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოში, ორივე ლონდონის საფონდო ბირჟაზეა კოტირებული და მათი საქმიანობა სტატისტიკურად ბრიტანულ ინვესტიციად ითვლება. 


საქართველოში ბრიტანეთის კომერციული ჩართულობის ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი რჩება. პროექტმა, რომელსაც ბრიტანული ნავთობკომპანია British Petroleum ხელმძღვანელობდა, ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც კასპიის ენერგორესურსების დასავლურ ბაზრებთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, რუსეთზე გამავალ მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირებას. საქართველოს დასავლეთისთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სატრანზიტო ჰაბად გარდაქმნის გარდა, BP დღემდე რჩება საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გრძელვადიან ინვესტორად, რომლის საქართველოში ფუნქციონირებაც უზრუნველყოფს სტაბილური საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებას.


გაუარესებული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა კვლავ გრძელდება. British Airways-მა 2025 წელს ლონდონსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები აღადგინა, ასევე საქართველოს ბაზარზე დაიწყო ოპერირება ბრიტანულმა easyJet-მა. Vodafone Group-მა პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა ქართულ მობილურ ოპერატორ Cellfie Mobile-თან. თუმცა, ეს მიღწევები უფრო წარსულში არსებული კარგი ურთიერთობების ინერცია და ცალკეული ბიზნესს ინტერესებისა და კავშირების დამსახურებაა და არ გულისხმობს პოლიტიკური კავშირების გაუმჯობესებას.


პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შორის არსებული ეს განსხვავება მიმდინარე ურთიერთობების სახასიათო ნიშანია. ამ ეტაპზე პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკურ დისტანცირებაში არ გადაზრდილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე გაგრძელდება. ჩვეულებრივ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები დამოკიდებულია არა მხოლოდ უშუალო კომერციულ სარგებელზე, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე, რეგულაციების პროგნოზირებადობაზე, კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ქვეყნის ფართო საერთაშორისო კურსზე. შესაბამისად, საქართველოსა და ბრიტანეთს, ისევე როგორც საქართველოსა და სხვა დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობების ხანგრძლივი გაუარესება თანდათან გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე, რომელზეც მომავალი საინვესტიციო გადაწყვეტილებები იქნება დაკავშირებული.


განათლება და ხალხთაშორისი ურთიერთობები

განათლების სფეროში თანამშრომლობა რჩება ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად. ქართველი სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ ბრიტანული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებითა და სტიპენდიებით. ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ფუნქციონირებს ინგლისური ენის სწავლების ფართომასშტაბიანი პროგრამა. 


დიდი ბრიტანეთის და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდების ჩატარება ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ინგლისური ენის სწავლების მაღალი სტანდარტი და საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაცია სხვადასხვა საგანში. ამას ემატება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სტიპენდიების ფართო სპექტრი, რაც საუკეთესო ქართველ სტუდენტებს სწავლის დიდ ბრიტანეთში გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.


საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან  ის ხელს უწყობს ურთიერთობების გამყარებას სახელმწიფო ინსტიტუტებს მიღმა და პოლიტიკური ურთიერთობების გართულების შემთხვევაშიც კი, აკადემიური, პროფესიული და პირადი კავშირები ორი საზოგადოების დამაკავშირებელ მნიშვნელოვან ხიდად რჩება.


პოლიტიკური ურთიერთობების გართულება და სანქციები

ბრიტანეთის ძლიერი შეშფოთება გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ, ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებამ და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსის ცვლილებამ, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მის შემდგომ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ლონდონმა გააუქმა მაღალი დონის უორდროპის სტრატეგიული დიალოგი, შეაჩერა თავდაცვის სფეროში დაგეგმილი მოლაპარაკებები და გაყინა კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა. დეკემბერში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა დევიდ ლემიმ, ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს სამთავრობო პროგრამების, მათ შორის „კარგი მმართველობის ფონდის“ მეშვეობით განხორციელებული ფინანსური დახმარების შეჩერება. ამას მოჰყვა ინდივიდუალური სანქციების ტალღაც. მოგვიანებით დასანქცირდა პროპაგანდისტული მედიები “იმედი” და “PosTV”.


მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების დაქვეითება, თავდაცვის სფეროში შეზღუდული თანამშრომლობა, შეჩერებული პროგრამები და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ბრიტანულ გამოცდილებასა და ცოდნაზე წვდომის დაკარგვა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობების თვალსაჩინო და მყისიერ შედეგებს. თუმცა, გაცილებით დიდია ის ზიანი, რომელსაც  გრძელვადიან  პერპექტივაში მიიღებს საქართველო. კერძოდ:

  • საქართველო კარგავს ან დიდი ალბათობით უკვე დაკარგა წლების განმავლობაში ნაგროვები პოლიტიკური კაპიტალი. მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, უზრუნველყოფს გავლენიანი მხარდამჭერის არსებობას ნატოსა და უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფარგლებში. რუსეთის სამხედრო ოკუპაციის წინაშე მდგარი მცირე ზომის სახელმწიფოსთვის, ასეთი ურთიერთობების შესუსტება მკვეთრად ამცირებს დიპლომატიური მოქმედებების შესაძლებლობებს.

  • შემცირდა ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობები. ტექნიკური დახმარება, პროფესიული გაცვლები და სპეციალიზებული კონსულტაციები დროთა განმავლობაში ქმნის  ინსტიტუციურ ცოდნასა და გამოცდილებას. ამ თანამშრომლობის მორღვევის შემდეგ, მათი სწრაფად აღდგენა, პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი ნაკლებად სავარაუდოა.

  • დიდია ზიანი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. საქართველო მუდმივად დგას რუსეთის მხრიდან მომავალი, კონვენციური, თუ კიბერ და საინფორმაციო საფრთხეების წინაშე. ევროპის ერთ-ერთ წამყვან, უსაფრთხოებისა და სადაზვერვო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შემცირება კი ნიშნავს ბრიტანელების ცოდნასა და გამოცდილებაზე  წვდომის შემცირებას იმ დროს, როდესაც რეგიონული უსაფრთხოების გარემო სულ უფრო სახიფათო ხდება.

  • საფრთხის ქვეშ არის ქვეყნის რეპუტაცია საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ არსებული სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები უწყვეტობასა და მდგრადობას ინარჩუნებს, მომავალში ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებისას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ინსტიტუტების ფუნქციონირების ხარისხს და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების გამოცდილებას.

  • და ბოლოს, საქართველო კარგავს შესაძლებლობებს. ურთიერთობების გაუარესების შედეგები მხოლოდ შეჩერებული და გაუქმებული თანამშრომლობის ფორმატებითა და პროგრამების მოცულობით არ უნდა გაიზომოს. არანაკლებია იმ პროგრამებისა და ინიციატივების პოტენციური დანაკარგი, რომელიც, სავარაუდოდ, აღარც განხორციელდება. მაგალითად,  თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამები, ტექნიკური დახმარება, საგანმანათლებლო პარტნიორობა, ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტები ან დიპლომატიური ინიციატივები, რაც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასთან ერთად, ბუნებრივად განვითარდებოდა. ეს კი, შეიძლება, ყველა სხვა დანაკარგზე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.


გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესება, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციის შემადგენელ ნაწილად უნდა განვიხილოთ.


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური ინტეგრაციისკენ სწრაფვა, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას გააძლიერებდა. გაერთიანებული სამეფო არის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც ამ პროცესში პოლიტიკურ კაპიტალს, ცოდნას და ფინანსურ რესურსს დებდა.


დღეს, ის პოლიტიკური საფუძველი, რომელზეც საქართველო-ბრიტანეთის მჭიდრო თანამშრომლობა იყო აგებული, შეცვლილია. რაც უფრო დიდხანს იქნება მთავრობებს შორის ურთიერთობები გაყინული, მით უფრო იზრდება რისკი, რომ დროებითი შეფერხება სტრუქტურულ ცვლილებად იქცევა, რასაც მოჰყვება ინსტიტუციური კონტაქტების დასუსტება, საქართველოსთვის განსაზღვრული პროგრამებისა და პროექტების, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის სხვა მიმართულებით, იმ პარტნიორებისკენ გადატანა, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით, გაერთიანებულ სამეფოს სანდო პარტნიორობას გაუწევს.


გასათვალისწინებელია, რომ ურთიერთობის აღსადგენად მხოლოდ გაუმჯობესებული რიტორიკა ან დიპლომატიური შეხვედრების განახლება არ იქნება საკმარისი. ამისთვის აუცილებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური კურსისადმი ნდობის აღდგენა, რათა განახლებული სტრატეგიული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის სანდო და მდგრად პროცესად იქცეს.


დღეისათვის კი, უკვე არსებული თვალსაჩინო დანაკარგები ცხადყოფს, რომ საქართველოს დაშორება ისეთი პარტნიორისგან, როგორიც გაერთიანებული სამეფოა - თავისი დიპლომატიური გავლენით, უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობებით, ეკონომიკური კავშირებით და მრავალწლიანი მხარდაჭერით - საქართველოს ეროვნულ ინტერესს ნამდვილად არ ემსახურება.

 
 
 

Comments


© 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

  • Facebook
  • X
  • Linkedin
  • Instagram
  • Youtube
  • Spotify
bottom of page