საქართველო და ნორდიკული ქვეყნები

ნორდიკული ქვეყნები - შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი და ისლანდია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორები არიან. ხუთივე ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც ისინი არა მხოლოდ მუდმივად აფიქსირებენ პოზიციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მძიმე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, არამედ აქტიურად უწყობენ ხელს ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებას. ისინი წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიულ განვითარებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას. გარდა ამისა, ნორდიკული ქვეყნები წლებია, უშუალო წვლილი შეაქვთ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების მონიტორინგში (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) კონტრიბუტორები არიან: შვედეთი, დანია და ფინეთი).
საქართველოსა და ნორდიკულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავდა მრავალ მიმართულებას: უსაფრთხოებასა და თავდაცვას, დემოკრატიულ მმართველობასა და ადამიანის უფლებების დაცვას, განათლებას, ენერგეტიკას, გარემოს დაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ამ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულმა არაერთმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში.
შვედეთი
ევროპული გზა და აღმოსავლეთ პარტნიორობა
შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული ევროპელი პარტნიორია, რომლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შვედეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შვედეთის როლს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership) ინიციირებასა და განვითარებაში. 2009 წელს, პრაღის სამიტზე, შვედეთი პოლონეთთან ერთად იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი, რომელმაც ახალი შესაძლებლობები შექმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხელი შეუწყო იმ პროცესებს, რომლებმაც საბოლოოდ განაპირობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ამოქმედება და ვიზალიბერალიზაციის მიღწევა.
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა შვედეთთან ურთიერთობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას წარმოადგენს. შვედეთი თანმიმდევრულად აფიქსირებს პოზიციას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარებისა და ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების შესახებ. ამ მხარდაჭერის პრაქტიკული გამოხატულებაა შვედეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM), რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილზე უსაფრთხოების მონიტორინგისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში შვედეთი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო, ხოლო შვედი ოფიციალური პირები რეგულარულად სტუმრობდნენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და ადგილზე ეცნობოდნენ ოკუპაციის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს.
დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობა
საქართველოსთან შვედეთის მრავალწლიანი პარტნიორობა მნიშვნელოვანწილად ეფუძნებოდა განვითარების მიმართულებით თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდებოდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მეშვეობით. მხარდაჭერა მოიცავდა დემოკრატიული მმართველობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, გენდერული თანასწორობის, გარემოს დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებებს. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.
გამოცდილების გაზიარება და პროფესიული კავშირების განვითარება
საქართველოსა და შვედეთს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განზომილებას საზოგადოებრივი და პროფესიული კავშირების გაძლიერება და ცოდნის გაზიარება წარმოადგენს. შვედეთის ინსტიტუტის (Swedish Institute) პროგრამების ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფალი მედიისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, ასევე საქართველოსა და შვედეთის საზოგადოებებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
თანამშრომლობის ახალი რეალობა და მომავალი პერსპექტივები
ბოლო წლებში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე, შვედეთი იმ ევროპულ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც გამოხატეს შეშფოთება დემოკრატიული გარემოს გაუარესებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების გამო. 2025 წელს შვედეთის მთავრობამ საქართველოში დემოკრატიული გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებული შეფასებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა სახელმწიფო უწყებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის პროგრამები, რომლებიც რეფორმების მხარდაჭერისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით მრავალი წელი ხორციელდებოდა. ამავდროულად, შვედეთმა განაგრძო და გააფართოვა თანამშრომლობა იმ მიმართულებებში, რომლებიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
ეს მიდგომა აისახა შვედეთის 2026–2030 წლების რეფორმების თანამშრომლობის ახალ სტრატეგიაშიც, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ასახავს ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებს და განსაზღვრავს იმ მიმართულებებს, რომლებიც ხელს უწყობს რეფორმების გაგრძელებას, დემოკრატიული განვითარების განმტკიცებას და საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან დაახლოებას.
შვედეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას, განვითარების მიმართულებით თანამშრომლობას და პროფესიულ კავშირებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ევროპული ღირებულებების განმტკიცებისა და საქართველოს ევროპული გზის არჩევანის ხელშეწყობისათვის.
ნორვეგია
პოლიტიკური მხარდაჭერა და ორმხრივი პარტნიორობა
ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი თანმიმდევრული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერა წლების განმავლობაში ეფუძნებოდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ნორვეგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრს მოიცავს. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ნორვეგიის ფინანსურმა კონტრიბუციამ ჯამში 325 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას მოხმარდა. ნორვეგია აქტიურად უთმობს ყურადღებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს, რის ფარგლებშიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დააფინანსა სპეციალური საგანმანათლებლო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა გალის რაიონის ახალგაზრდებისათვის.
უსაფრთხოება და თავდაცვა
გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობა 2010 წლიდან აქტიურ ფაზაში შევიდა და მოიცვა როგორც ორმხრივი ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო განათლებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ სწავლებებს, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმები. ამ კონტექსტში ნორვეგია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი წამყვანი მხარდამჭერია, რაც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ფინანსურ დახმარებასა და ექსპერტულ ლიდერობაში გამოიხატა.
ეკონომიკური თანამშრომლობა და განვითარება
საგარეო-ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციის კუთხით აღსანიშნავია 2016 წელს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელმაც საქართველოს საშუალება მისცა წვდომა ჰქონოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსყიდველუნარიან ბაზარზე.
ნორვეგიის მიერ გაწეული დახმარება ასევე მოიცავდა რამდენიმე საკვანძო სექტორს. ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ორიენტირებული იყო განახლებადი ენერგიისა და ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის მხარდაჭერაზე, რომლის თვალსაჩინო მაგალითია ნორვეგიის ხელშეწყობით საქართველოში ჰაერის მონიტორინგის სპეციალური სადგურის შექმნა.
სოციალური განვითარება, ადამიანის უფლებები და კულტურული მემკვიდრეობა
ნორვეგიის მხარდაჭერა მნიშვნელოვან სოციალურ განზომილებასაც მოიცავდა. იგი გამოიხატებოდა ინკლუზიური განათლების, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობაში, მათ შორის დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების სფეროში აქცენტი ინსტიტუციურ რეფორმებზე, უმცირესობათა დაცვასა და მართლმსაჯულების გაძლიერებაზე კეთდებოდა.
კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikvaren) დაფინანსებით განხორციელდა ბეთლემის უბნის აღდგენა, ეთნოგრაფიული მუზეუმის ხის სახლების კონსერვაცია, ნოქალაქევის კომპლექსის მართვა და არქივის დიგიტალიზაცია, ხოლო ჯანდაცვის სფეროში ნორვეგიის ხელშეწყობით დანერგილმა ელექტრონულმა მოდულმა უზრუნველყო დედათა და ბავშვთა სამედიცინო მომსახურების უწყვეტი ზედამხედველობა. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც ნორვეგიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა საქართველოში.
თანამშრომლობის ახალი კონტექსტი
მიუხედავად ამ მრავალწლიანი, პრაგმატული და მყარი კავშირებისა, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, კერძოდ დემოკრატიულმა უკუსვლამ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობის მიღებამ, ორმხრივი ურთიერთობები ღრმა კრიზისში შეიყვანა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას, ხოლო ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა პროცესი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
სწორედ ამ პროცესების საპასუხოდ, ნორვეგია, ისევე როგორც დანარჩენი ნორდიკული ქვეყნები, საქართველოსთან მიმართებით ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ ქვეყნებს შორის იყო. ნორვეგიის განვითარების სააგენტოს (Norad) 2026 წლის ოფიციალური მონაცემებით, დემოკრატიული უკუსვლის გამო შეჩერდა ფინანსური დახმარება საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სამთავრობო პროგრამების გაძლიერებისთვის.
ამასთანავე, ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთ თვალსაჩინო სიგნალად იქცა ნორვეგიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ნორვეგიაში შესასვლელად ვიზის მიღება სავალდებულო გახდა.
დანია
პოლიტიკური პარტნიორობა და ევროპული გზა
დანია საქართველოს ერთ-ერთი თანმიმდევრული ევროპელი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერა წლების განმავლობაში ეფუძნებოდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საერთო ხედვას.
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ორმხრივი კავშირები თანდათან გაღრმავდა, ხოლო თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით.
დანია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს, ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ინტერესების დაცვას. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე პოზიციების გაზიარება და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაცია, მათ შორის ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ფარგლებში.
ბოლო წლებში საქართველოსა და დანიას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დინამიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გავლენით. 2024 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა, და არჩევნების შემდგომმა პოლიტიკურმა კრიზისმა დანიის მხრიდან კრიტიკული შეფასებები გამოიწვია. დანიის პოზიციაში მკაფიოდ გამოიკვეთა შეშფოთება დემოკრატიული სტანდარტების გაუარესებისა და საქართველოს ევროპული გზის წინაშე არსებული გამოწვევების გამო.
ამ პროცესების ფონზე გადაიხედა თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებებიც, განსაკუთრებით ის პროგრამები, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერასა და რეფორმების განხორციელებას უკავშირდებოდა. აღნიშნული ცვლილებები ასახავს დანიის, ისევე როგორც სხვა ევროპელი პარტნიორების, ფართო მიდგომას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური და ინსტიტუციური თანამშრომლობის სიღრმე მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესთან.
მდგრადი განვითარება და თანამშრომლობის მიმართულებები
საქართველოსა და დანიას შორის ეკონომიკური და განვითარების თანამშრომლობა, ორივე ქვეყნის ეკონომიკური მასშტაბის გათვალისწინებით, შედარებით მოკრძალებულია, თუმცა წლების განმავლობაში მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მწვანე ტრანსფორმაცია, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება.
დანიის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივები ორიენტირებული იყო განვითარების ისეთი მოდელის ხელშეწყობაზე, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, ეფექტიან მმართველობასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე უკავშირდებოდა თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებასა და საჯარო მართვის ხარისხის გაუმჯობესებას.
უსაფრთხოება, თავდაცვა და ინსტიტუციური პარტნიორობა
საქართველოსა და დანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ორმხრივ ურთიერთობებში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, ხოლო 2009 წელს გაფორმებულმა სამხედრო შეთანხმებამ შექმნა სამართლებრივი საფუძველი თავდაცვის სფეროში შემდგომი პარტნიორობისთვის.
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პრაქტიკული გამოხატულებაა ასევე დანიის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM), რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილზე უსაფრთხოების მონიტორინგისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით.
შემდგომ წლებში თანამშრომლობა განვითარდა როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს დანიის „მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამა“ (2023–2026), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში დანიის მხარდაჭერა მოიცავს, მათ შორის, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარებას.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დღემდე რჩება საქართველო-დანიის ურთიერთობების ერთ-ერთ მყარ მიმართულებად და ეფუძნება საერთო ინტერესს რეგიონული სტაბილურობის, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარემოსა და პარტნიორული პასუხისმგებლობის მიმართ.
თანამშრომლობის ახალი რეალობა და მომავალი პერსპექტივები
დანია-საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობა აჩვენებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან, ევროპული ინტეგრაციის პროცესთან და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობასთან.
ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა გავლენა იქონია ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებების გადახედვა განაპირობა. პარტნიორობის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასა და ევროპელ პარტნიორებთან ნდობის აღდგენაზე.
საქართველოსა და დანიის ურთიერთობის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით არ შემოიფარგლება; იგი ეფუძნება საერთო ხედვას დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ანგარიშვალდებული მმართველობისა და ევროპული გზის განვითარების მიმართულებით.
ფინეთი
მრავალწლიანი პარტნიორობა და პოლიტიკური მხარდაჭერა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ფინეთი, ნორდიკელ პარტნიორებთან ერთად, მტკიცედ უჭერდა მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიის განმტკიცებასა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. სამი ათწლეულის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები დაბალი ინტენსივობის კონტაქტებიდან ღრმა ინსტიტუციურ თანამშრომლობად გარდაიქმნა.
ამ დინამიკაში გარდამტეხი იყო ფინეთის როლი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს. როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ფინეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო მედიაციაში და მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია შეთანხმებაში საზღვრების ძალისმიერი შეცვლის დაუშვებლობის ფორმულირების გათვალისწინების მხრივ. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ფინეთმა განამტკიცა მხარდაჭერა და დღემდე რჩება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მსხვილ კონტრიბუტორად.
საქართველოს ევროპული გზა და ინსტიტუციური თანამშრომლობა
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ფინეთი საიმედო ინსტიტუციურ საყრდენს წარმოადგენს. იგი მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოს ძირითად შეთანხმებებს ევროკავშირთან, მათ შორის ასოცირების შეთანხმებას (2014 წ.), ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA) და ვიზალიბერალიზაციას (2017 წ.).
გარდა ამისა, ფინეთმა საკუთარი სექტორული ექსპერტიზა მიმართა საქართველოში სახელმწიფო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტების ფარგლებში, ფინელი სპეციალისტები უშუალოდ მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების რეფორმირებასა და ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესში.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა მხარი დაუჭირა „ასოცირებული ტრიოს“ (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) ევროპულ პერსპექტივას. ამასთან, ჰელსინკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებასა და დემოკრატიულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე დაფუძნებული პროცესია, თუმცა საქართველოს საბოლოო ადგილი ევროპულ ოჯახშია. ეს იყო პოზიცია, რომლის კულმინაციაც 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით დასრულდა.
დემოკრატიული გამოწვევები და ურთიერთობის ახალი ეტაპი
დღეს საქართველოში არსებული ანტიდასავლური განწყობების წახალისებამ და პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობებმა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი ასახვა ჰპოვა ფინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიულმა უკუსვლამ და მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კიდევ უფრო დააზიანა პოლიტიკური კავშირებიც.
2026 წლის დასაწყისში ფინეთი, ეუთოს 23 სხვა მონაწილე სახელმწიფოსთან ერთად, შეუერთდა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების პროცესს.
ისლანდია
პოლიტიკური და მრავალმხრივი თანამშრომლობა
საქართველოსა და ისლანდიას შორის თანამშრომლობა ძირითადად მრავალმხრივ ფორმატებს (ნატო, ეუთო, ევროპის საბჭო) და კონკრეტულ სექტორულ ინტერესებს მოიცავს.
ისლანდია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ისლანდია საერთაშორისო პლატფორმებზე რეგულარულად აყენებს საკითხს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ეკონომიკური თანამშრომლობა
ეკონომიკურ ჭრილში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძირითადად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (EFTA) ეფუძნება, რაც საქართველოს სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას აძლევს.
შიდა პოლიტიკური პროცესების გავლენა პარტნიორულ ურთიერთობებზე
საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, მათ შორის ანტიდასავლურმა ტენდენციებმა, საქართველოსა და ისლანდიას შორის ორმხრივ პარტნიორობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლისა და კონკრეტული სადავო საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, ისლანდიამ, ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებთან (NB8) ერთად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღებული ეს კანონები ეწინააღმდეგება იმ ევროპულ ფასეულობებს, რომელთა მიმართულებითაც საქართველო მიისწრაფოდა.
სწორედ ამ ანტიდემოკრატიული პროცესების საპასუხოდ, ისლანდია, ისევე როგორც დანარჩენი ოთხი ნორდიკული ქვეყანა, იყო საქართველოსთან მიმართებით ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ ქვეყნებს შორის.
ამავე კრიზისის გამოძახილს წარმოადგენდა ის, რომ 2024 წლის 15-16 მაისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბალტიის ქვეყნების უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა და სიტყვით მიმართა.
ნორდიკულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას. ამ ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა, განვითარების პროგრამები და პრაქტიკული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და ევროპული გზის განმტკიცებისთვის.
დღეს, როდესაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკური არჩევანისა და დემოკრატიული განვითარების საკითხები კვლავ განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს, მნიშვნელოვანია იმ პარტნიორობის გააზრება და დაფასება, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა საქართველოსა და მის მოქალაქეებს.




Comments