top of page

სპეციალური წარმომადგენლის ახალი სტატუსი და მანდატი: საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებისა და ჟენევის ფორმატის დასუსტების საფრთხე

Oct 21
1 min read


მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია.


აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს. რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.


განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის მანდატს დაემატა “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს. ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშიდობიანი გზით მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორის სტატუსით არიან წარმოდგენილნი, ხოლო აშშ მონაწილეობს.


მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას.

 
 
 

Comments


© 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

  • Facebook
  • X
  • Linkedin
  • Instagram
  • Youtube
  • Spotify
bottom of page