top of page

ევროპული შემოდგომა საქართველოს გარეშე

6 days ago
2 min read



2026 წლის შემოდგომა ევროპულმა კავშირმა ‘’გაფართოების შემოდგომად’’ გამოაცხადა.


საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების პროცესი კი, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, კვლავ შეწყვეტილი რჩება. ეს კიდევ ერთი ოფიციალური შეფასებაა, რომლითაც საქართველოს ევროპისგან დაშორების მანძილს ვზომავთ.


იმ ფუნდამენტური მიმართულებებით, რომლითაც კანდიდატი ქვეყნების ევროპულ კავშირში გაწევრიანებისთვის მზადება ფასდება, საქართველოს პროგრესი ან კვლავ არ აქვს, ან რეგრესს - უკუსვლას განიცდის.


საქართველოს ხელისუფლება ისევ უარს ამბობს 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას აღებული ვალდებულებების: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების და სხვა რეკომენდაციების შესრულებაზე. ბუნებრივია, ამ ფუნდამენტური მიმართულებებით ვალდებულებების შესრულებას ევროპული კავშირი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა კანდიდატ ქვეყანას სთხოვს.


შედეგად, ევროპული კავშირისგან მოვისმინეთ ძალიან სამწუხარო, თუმცა არა მოულოდნელი, გადაწყვეტილება: იმ ვითარებაში, როდესაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ევროპულ კავშირში გაწევრიანების პროცესი შეწყვეტილია, გაფართოების პოლიტიკა აღარაა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მთავარი ჩარჩო. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დროისთვის, საქართველო ევროპულ კავშირში გაწევრიანების პროცესს მოსწყდა.


ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც ევროკავშირი პირველ ახალ წევრს მონტენეგროს უკვე მომავალ წელს ელოდება. კიდევ ერთი წლის შემდეგ, მოლაპარაკებების დასრულებას მოლდოვაც გეგმავს. 


საქართველო კი რამდენიმე წელია, თითქოს, დროში გადაადგილდება და უბრუნდება იმ წარსულს, როდესაც ევროპის ქვეყნებთან ერთ გაერთიანებაში ყოფნა მიუღწეველი, მხოლოდ სხვებისთვის ხელმისაწვდომი და ჩვენთვის განუხორციელებელი მიზანი იყო.   


იმის ნაცვლად, რომ ვუახლოვდებოდეთ კეთილდღეობის, სოციალური განვითარების, პოლიტიკური კულტურის, მმართველობის, თავისუფალი სასამართლოს, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროპულმა ქვეყნებმა შექმნეს, დიდი ნაბიჯებით ვშორდებით მათ და უცნობი ან, უფრო სწორად, კარგად ნაცნობი მიმართულებით მივექანებით - მიმართულებით, რომელიც გვეგონა, რომ წარსულში დავტოვეთ.


დღეს, შესაძლოა, ვინმეს აღარ ახსოვდეს, რატომ მოიხსენებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლურ ან პროევროპულ საგარეო პოლიტიკად. პროევროპულ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გასამყარებლად, თითოეული ადამიანის პატივისცემაზე დაფუძნებული დემოკრატიის და თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი კეთილდღეობის მისაღწევად.


საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპასთან დაპირისპირებაზე აგება აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს საქართველოსთვის სწორედ ამ ძირეული ინტერესების განხორციელებას.


მიუხედავად დიდი ფინანსური დახმარებისა, საქართველოს ევროპული კავშირის წევრობა არასოდეს გაუზომავს მხოლოდ მატერიალური სარგებლით. ევროკავშირში წევრობის არჩევანი და ძალისხმევა, რომელსაც ქვეყანა ბოლო ათწლეულების მანძილზე სწევდა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ევროპული ისტორიისა და განვითარების გზაზე დაბრუნებას ისახავდა მიზნად. იმ გზაზე დაბრუნებას, რომელსაც საქართველო 1921 წელს მოსწყვიტეს, რათა ის რუსულ ტოტალიტარიზმს, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან რეჟიმს ჩაეყლაპა.


დღეს, ევროპული გზა, რომელსაც საქართველოსთვის ისტორიული სამართლიანობა, ეროვნული ღირსება და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შესაძლებლობა უნდა აღედგინა, ისევ იკეტება. საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, დაუხურევენ თუ არა მათ კიდევ ერთხელ ევროპის კარს. 

 
 
 

Comments


© 2026 Diplomatic Society of Georgia - All Rights Reserved.

  • Facebook
  • X
  • Linkedin
  • Instagram
  • Youtube
  • Spotify
bottom of page